ბავშვები

ბავშვები

Saturday, November 14, 2015


დეიდა მაიკო
(ნაწყვეტი)

დეიდას დედის სუნი ასდისო! მართალი ყოფილა. არასოდეს დამავიწყდება დეიდა მაიკოს ალერსიანი შემოცქერა...
ახლაც გულზე მაქვს დაჭდეული დეიდა მაიკოს სიტყვები:

-თუ შენს გუნებას დილიდანვე მზის სხივი არ შეჰყვა, ძნელი იქნება ცხოვრება! იმ პირველმა სხივმა უნდა მოგივარაყოს გუნება! უნდა თან აგყვეს და შენც მას უნდა აჰყვე! მაშინ ჰნახავ, - არასოდეს არ დაღამდები!...
დეიდა მაიკოს ხმის სიტკბო დღესაც ჩამესმის. საოცარი ალერსები იცოდა:
-ჩემო სიცოცხლის ცისკარო!
-თავს შემოგევლე!
-ჩემო გაშლილო იაო!
-შენი გულის ჭირიმე!
-საყვარელო, სასახელო!
-წამლად დაგენაყე, წამლად დაგედე!
-ჩემო სიყრმის მზევ, შენ კი დაგენაცვლე!
-ჭირი მოგჭამე!
-ჩემო სულო და სიცოცხლევ! ჩემო სულისდგმავ!
-შენი მუხლების ჭირიმე!
-ჩემო ცხოვრების ნიავო!
-ჩემო ათასნაირო!
-შენამც დამაყრი მიწასა!
-იმ ადგილის ჭირიმე, სადაც შენ მომაგონდები!
და ვინ მოთვლის ან სადღა მახსოვს? რა იქმნენ, სად წავიდნენ ეს ალერსიანი სიტყვები, ძველად ათასმა მაიკომ რომ იცოდა საქართველოში?
რატომ აღარ ვალერსობთ დღეს ამ სიტყვებით, რატომ ჩვენც აღარავინ გვეუბნება, რად გავიძარცვენით, ხომ გვცივა უამსიტყვებოდ!

გიორგი ლეონიძე