ბავშვები

ბავშვები

Saturday, October 24, 2015



კურდღლის ქონი

ერთხელ ერთი ბატონი ეტლით შორეული გზით მიდიოდა, არც თვითონ იღებდა ხმას და არც მეეტლე, ორივენი ჩუმად იყვნენ. მოსწყინდა ბატონს უბრად ყოფნა. ლაპარაკი მოუნდა. სწორედ ამ დროს კურდღელი გადმოხტა გზაზე. ბატონიც ადგა და კურდღელზე ჩამოაგდო სიტყვა.

-ტყეში კურდღელი მყავს მომრავლებული, მაგრამ ისეთი პატარები კი არ არიან, ახლა რომ გადმოხტა გზაზე. თითო, ერთი ცხვრის ხელაა. საზღვარგარეთიდან წამოვიყვანე მოსაშენებლად. ერთხელ სანადიროდ წავედი, თან ათი კაცი გავიყოლე მდევრად. მომირეკეს და მომირეკეს კურდღელი, მეც მივაყოლე და თოფს ბათქა-ბუთქი ავუყენე, რომ არ შემრცხვეს ერთი ოცდაათამდე მოვკალი, ერთი მაინც იმოდენა იყო, ცხვარი გეგონებოდა ის წყეული. გავატყავე და გინდა დაიჯერე, გინდა არა, ნახევარფუთზე მეტი თუ არა, ნაკლები ქონი არ ექნებოდა.

მეეტლემ ყური უგდო, უგდო და მერე ცხენებს დაუძახა:
-ფრთხილად, ქურანებო, იმ ხიდს ვუახლოვდებით ცრუპენტელა მგზავრის გავლაზე რომ ინგრევაო. ბატონმა გაიგო თუ არა მეეტლის ნათქვამი, ისევ გამოელაპარაკა:
-ხომ გაიგე, ივანე, თურმე ქვეყანაზე როგორი კურდღლები არსებობენ. შეიძლება ნახევარი ფუთი არა, მაგრამ ასე ათი გირვანქა ქონი კი უეჭველად ექნებოდაო.
-მაგას რა დიდი გაგება უნდა, ბატონო, კურდღელიაო! - მიუგო მეეტლემ.
ცოტა გზა გაიარეს და ბატონი ისევ გამოელაპარაკა ივანეს:
-ივანე, მალე მივალთ იმ ხიდამდე, წეღან რომ ახსენეო?
-მალე ბატონო, მალე მივალთო!
-ჰოდა, იმას გეუბნებოდი, იმ კურდღელს ათი კი არა, დიდი-დიდი, სამი-ოთხი გირვანქა ქონი თუ ექნებოდა, მეტი არაო.
-მე რა მენაღვლება, დეე, მაგდენი იყოსო, - უპასუხა მეეტლემ...
ცოტა გზა კიდევ გაიარეს. ბატონმა იცქმუტა, იცქმუტა და ისევ ის ხიდი იკითხა.
-ივანე, იმ ხიდთან მალე მივალთო?
-მალე ბატონო, სულ მალე, აი, ხევში დავეშვებით და...
-ჰმ! - ჩაახველა ბატონმა, იცი რა გითხრა, ივანე, იმ კურდღელს ქონი სულ არ ჰქონიაო.
-როგორ არ ვიცი, ბატონო, კურდღელი რა არის, იმისი ქონი რა უნდა იყოსო.
ეტლი ხევში დაეშვა.
-ივანე, იმ ხიდამდე ვეღარ მივედითო? - ისევ იკითხა ბატონმა.
-ბატონო, ის ხიდი იმ კურდღლის ქონივით დადნა, ახლა რომ ბრძანებდიო, - მიუგო მეეტლემ.

უკრაინული ზღაპარი

სახე და ნიღაბი

ნიღაბმა უთხრა სახეს: „პირდაპირ საოცარია, რას არ შექმნის ბუნება! როგორ დამემსგავსე აგრე: ცხვირიც ჩემი გაქვს, თვალებიც, გამოხედვითა და ღიმილითაც ჩემი ორეული ხარ, ნუთუ სირცხვილი მაინც არა გაქვს, რომ საკუთარი არაფერი გაგაჩნია და ყველაფერს მე დამსესხებიხარო?“
სახემ კი მიუგო: „ერთი რომ, მე ბუნების კი არა, ღვთის შექმნილი ვარ, შენ კი მართლაც ბუნებისმიერი მასალისაგან გაკეთებულო, ვიღაც ბრიყვის მიერ, ნუთუ შენმა უძრაობამ და მკვდრულმა სიცივემ მაინც ვერ მიგახვედრა, რომ დამოუკიდებლად არ არსებობ და მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გამომეტყველებისა და განწყობილების შესანიღბად შეუქმნიხართო.“

ზვიად გამსახურდია

Monday, October 19, 2015


ბებერი და ახალგაზრდა
(იგავ-არაკი)


სულხან-საბა ორბელიანი

ერთი ბებერი უკბილო კაცი და ერთი ახალგაზრდა ერთად ისხდნენ და საჭმელს ჭამდნენ. ორივემ ტირილი დაიწყო.
ბებერს ჰკითხეს: რატომ სტირიო?
ბებერმა უთხრა: მე კბილები არ მაქვს და დაღეჭვა არ შემიძლია. ამ ახალგაზრდამ  სულ შეჭამა და მე მშიერი დავრჩიო.
ახალგაზრდას ჰკითხეს: შენ რაღას სტირიო?
მან თქვა: მე სანამ დავღეჭავ, ეს მთლიანად ყლაპავს და მე მშიერი დავრჩიო.
მათგან ვინც იყო მართალი, თითოელმა იცოდა, მაგრამ ერთმანეთს აბრალებდნენ.

სულხან-საბა ორბელიანი

მელა და მაიმუნი

(იგავ-არაკი)

ერთი მაიმუნი თავშეყრილ ცხოველებს ართობდა, მალაყებს გადადიოდა. მხეცებმა მაიმუნი შეაქეს და მეფედაც დასვეს. ამან მელა აღაშფოთა, ხაფანგში სატყუარა ნახა, მაიმუნთან მივიდა და უთხრა: მეფეო, ამა და ამ ადგილას განძი ვიპოვე და კანონით შენ გეკუთვნის, აიღე და ისვებედნიერეო.
მაიმუნმა მაშინვე ხაფანგს მიაშურა და შიგ გაება. დატყვევებულმა მაიმუნმა მელას უსაყვედურა: ეს რა მიყავიო?
-აი, შე ბრიყვო, შენა, მეფობა კიდევ მოგინდებაო? - მიუგო მელამ.

არაკი ამბობს: ვინც საქმეს სიფრთხილით არ მოეკიდება, თავს უბედურებას დაიტეხსო.
ეზოპე

ყავარჯენი

თითისტოლა კლაუდიო ერთხელ თავის ჭიშკართან ჩხირკედელობდა. იქვე გზაზე კი ოქროსსათვალიანი დარბაისელი ბერიკაცი მოდიოდა, წელში ცხრად მოკეცილი და, კიდევ კარგი, ყავარჯენს მიიბიჯებდა, თორემ ისე ალბათ ვერც ივლიდა. ჭიშკარს, რომ გაუსწორდა, ბერიკაცს ყავარჯენზე უცაბედად ხელი გაეშვა და ძირს დაუვარდა, კლაუდიო იქ გაჩნდა. აიღო ყავარჯენი და პატრონს მიაწოდა.

 - შენი მადლობელი ვარ, მაგრამ აღარ მინდა, - ღიმილით უთხრა ოქროსსათვალიანმა ბერიკაცმა, - უჯოხოდაც კარგად ვივლი. თუ მოგწონს, წაიღე, შენთვის მიჩუქნია, - უთხრა და აღარ დაუცდია, რას მიპასუხებსო, წავიდა, თავის გზას გაუდგა. 

პირდაპირ საკვირველია - წელში თითქოს მართლა გასწორდა, სიარულითაც ყოჩაღად მიდიოდა. კლაუდიო კი გაშტერებული შესცქეროდა ნაჩუქარ ყავარჯენს და აღარ იცოდა, რა ექნა. ჩვეულებრივი თავკაუჭა ჯოხი იყო, ბოლოში რკინის წვეტი ჰქონდა, აი, ბუნიკს, რომ ეძახიან.  გააქანა კლაუდიომ ყავარჯენი და ძირს ჩაარჭო - აბა, ერთი ვნახო რკინის წვეტი ქვიშაში სადამდე ჩავაო. ერთხელ არ იკმარა, რამდენჯერმე სცადა. მერე ახლა, ვითომ ცხენიაო, ზედ მოახტა და... რის ყავარჯენი, რა ყავარჯენი! კლაუდიო ყორნისფერმა ბედაურმა გაიტაცა და მთელი ეზო დაოთხილმა შემოატარა. თან ჭიხვინებდა და ფლოქვებიდან ნაპერწკლებს ჰყრიდა.  ამაზე მეტი საკვირველება რაღა გინდა!
კლაუდიოს, ცოტა არ იყოს, გული გადაუბრუნდა და როგორც კი ბედაურმა ფეხი შეანელა, იმწამსვე ძირს ისკუპა, ბიჭის ჩახტომა იყო და ბედაური ისევ ყავარჯნად იქცა. არც ნალებისა ეტყობოდა რამე, არც ნაპერწკლებისა. წეღანდელი ოთხი ფეხის მაგივრად ის თავისი ჟანგიანი რკინის წვეტი შერჩა, ფაფრის ადგილას კი - ხელის მოსაკიდებელი კაუჭი.
მოდი, ერთს კიდევ ვცდი, რაც არის - არისო, თქვა კლაუდიომ, როცა მოსულიერდა და გულიც გაიმაგრა.

 თქმა და ქმნა ერთი იყო. წეღანდელივით მარდად მოახტა ყავარჯენს და... არა, ცხენად აღარ გადაქცეულა. ახლა ორკუზიან კოხტა აქლემად იქცა; ეზო კი - თვალუწვდენელ უდაბნოდ გადაიჭიმა. კლაუდიოს მთელი იმოდენა უდაბნო სულ უნდა გაევლო, ბოლოში უნდა გასულიყო, მაგრამ შიშის ნატამალი მაინც არ უგვრძნია. ის კი არა, თვალცქვიტად იყო, სადმე ალბათ ოაზისია და არ გამომეპარასო.
„ჯადოსნურია, მაშ, რა არის!“ - დაირწმუნა თავი კლაუდიომ. როცა მესამედაც მოახტა, ყავარჯენი ახლა უკვე ცეცხლისფერ სამარულო ავტომობილად იქცა, მერე კატარღად და, ეზოს ადგილას რომ ტბა გაჩნდა, იმ მწვანედ მოლივლივე ტბის ტალღებს გაჰყვა. თუმცა კატარღა რაღა სათქმელია! მალე მოკაშკაშე რაკეტად აიჭრა მეცხრე ცაში და თვალისმომჭრელ ვარსკვლავებს შეერია.
ამ თამაშ-თამაშობაში კარგა დრო გავიდა. უკვე მოსაღამოებული იყო, იმ ყავარჯნის პატრონმა ბერიკაცმა კიდევ რომ ჩამოიარა კლაუდიოს ჭიშკართან. კლაუდიომ თვალი მოჰკრა და ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო, კარგა ხანს უცქირა, მაგრამ ვერაფერი განსაკუთრებული ვერ შეატყო. ჩვეულებრივი, უბრალო ბერიკაცი იყო, დილანდელთან შედარებით ცოტა უფრო დაღლილი ჩანდა.
-ჰა, რას იტყვი, პატარა ბიჭო, მოგწონს ეგ ჯოხი? - ღიმილით ჰკითხა ბერიკაცმა.
კლაუდიომ იფიქრა, ალბათ უნდა გამომართვასო, წამოწითლდა და უხმოდ თავი გააქნია.
-არა, შენი იყოს, - უთხრა ბერიკაცმა. - აბა, მე რად მინდა? შენ მაგით ირბენ და იფრენ კიდეც, მე კი დიდი-დიდი დავებჯინო და მეტი არაფერი. დასაბჯენს, ნუ გეშინია, სხვა რამესაც ვნახავ. სულ ავდგები და კედელ-კედელ ვივლი.
ამის თქმა იყო და ბერიკაცს სახე გაებადრა, თითქოს გაახალგაზრდავდაო, სწრაფი ნაბიჯით წავიდა თავის გზაზე.
იცით, რატომ წავიდა მოხუცი სახეგაბადრული? იმიტომ, რომ ქვეყნად არავინ არ არის იმ მოხუცებულზე ბედნიერი, ვისაც პატარებისთვის რაღაცის ჩუქება მაინც შეუძლია.

ჯანი როდარი