ყავარჯენი
თითისტოლა კლაუდიო ერთხელ თავის ჭიშკართან ჩხირკედელობდა.
იქვე გზაზე კი ოქროსსათვალიანი დარბაისელი ბერიკაცი მოდიოდა, წელში ცხრად მოკეცილი
და, კიდევ კარგი, ყავარჯენს მიიბიჯებდა, თორემ ისე ალბათ ვერც ივლიდა. ჭიშკარს, რომ
გაუსწორდა, ბერიკაცს ყავარჯენზე უცაბედად ხელი გაეშვა და ძირს დაუვარდა, კლაუდიო იქ
გაჩნდა. აიღო ყავარჯენი და პატრონს მიაწოდა.
- შენი მადლობელი ვარ, მაგრამ აღარ მინდა, - ღიმილით
უთხრა ოქროსსათვალიანმა ბერიკაცმა, - უჯოხოდაც კარგად ვივლი. თუ მოგწონს, წაიღე, შენთვის
მიჩუქნია, - უთხრა და აღარ დაუცდია, რას მიპასუხებსო, წავიდა, თავის გზას გაუდგა.
პირდაპირ საკვირველია - წელში თითქოს მართლა გასწორდა,
სიარულითაც ყოჩაღად მიდიოდა. კლაუდიო კი გაშტერებული შესცქეროდა ნაჩუქარ ყავარჯენს
და აღარ იცოდა, რა ექნა. ჩვეულებრივი თავკაუჭა ჯოხი იყო, ბოლოში რკინის წვეტი ჰქონდა,
აი, ბუნიკს, რომ ეძახიან. გააქანა კლაუდიომ
ყავარჯენი და ძირს ჩაარჭო - აბა, ერთი ვნახო რკინის წვეტი ქვიშაში სადამდე ჩავაო. ერთხელ
არ იკმარა, რამდენჯერმე სცადა. მერე ახლა, ვითომ ცხენიაო, ზედ მოახტა და... რის ყავარჯენი,
რა ყავარჯენი! კლაუდიო ყორნისფერმა ბედაურმა გაიტაცა და მთელი ეზო დაოთხილმა შემოატარა.
თან ჭიხვინებდა და ფლოქვებიდან ნაპერწკლებს ჰყრიდა. ამაზე მეტი საკვირველება რაღა გინდა!
კლაუდიოს, ცოტა არ იყოს, გული გადაუბრუნდა და როგორც
კი ბედაურმა ფეხი შეანელა, იმწამსვე ძირს ისკუპა, ბიჭის ჩახტომა იყო და ბედაური ისევ
ყავარჯნად იქცა. არც ნალებისა ეტყობოდა რამე, არც ნაპერწკლებისა. წეღანდელი ოთხი ფეხის
მაგივრად ის თავისი ჟანგიანი რკინის წვეტი შერჩა, ფაფრის ადგილას კი - ხელის მოსაკიდებელი
კაუჭი.
მოდი, ერთს კიდევ ვცდი, რაც არის - არისო, თქვა კლაუდიომ,
როცა მოსულიერდა და გულიც გაიმაგრა.
თქმა და ქმნა ერთი იყო. წეღანდელივით მარდად მოახტა
ყავარჯენს და... არა, ცხენად აღარ გადაქცეულა. ახლა ორკუზიან კოხტა აქლემად იქცა; ეზო
კი - თვალუწვდენელ უდაბნოდ გადაიჭიმა. კლაუდიოს მთელი იმოდენა უდაბნო სულ უნდა გაევლო,
ბოლოში უნდა გასულიყო, მაგრამ შიშის ნატამალი მაინც არ უგვრძნია. ის კი არა, თვალცქვიტად
იყო, სადმე ალბათ ოაზისია და არ გამომეპარასო.
„ჯადოსნურია, მაშ, რა არის!“ - დაირწმუნა თავი კლაუდიომ.
როცა მესამედაც მოახტა, ყავარჯენი ახლა უკვე ცეცხლისფერ სამარულო ავტომობილად იქცა,
მერე კატარღად და, ეზოს ადგილას რომ ტბა გაჩნდა, იმ მწვანედ მოლივლივე ტბის ტალღებს
გაჰყვა. თუმცა კატარღა რაღა სათქმელია! მალე მოკაშკაშე რაკეტად აიჭრა მეცხრე ცაში და
თვალისმომჭრელ ვარსკვლავებს შეერია.
ამ თამაშ-თამაშობაში კარგა დრო გავიდა. უკვე მოსაღამოებული
იყო, იმ ყავარჯნის პატრონმა ბერიკაცმა კიდევ რომ ჩამოიარა კლაუდიოს ჭიშკართან. კლაუდიომ
თვალი მოჰკრა და ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო, კარგა ხანს უცქირა, მაგრამ ვერაფერი განსაკუთრებული
ვერ შეატყო. ჩვეულებრივი, უბრალო ბერიკაცი იყო, დილანდელთან შედარებით ცოტა უფრო დაღლილი
ჩანდა.
-ჰა, რას იტყვი, პატარა ბიჭო, მოგწონს ეგ ჯოხი? - ღიმილით
ჰკითხა ბერიკაცმა.
კლაუდიომ იფიქრა, ალბათ უნდა გამომართვასო, წამოწითლდა
და უხმოდ თავი გააქნია.
-არა, შენი იყოს, - უთხრა ბერიკაცმა. - აბა, მე რად
მინდა? შენ მაგით ირბენ და იფრენ კიდეც, მე კი დიდი-დიდი დავებჯინო და მეტი არაფერი.
დასაბჯენს, ნუ გეშინია, სხვა რამესაც ვნახავ. სულ ავდგები და კედელ-კედელ ვივლი.
ამის თქმა იყო და ბერიკაცს სახე გაებადრა, თითქოს გაახალგაზრდავდაო,
სწრაფი ნაბიჯით წავიდა თავის გზაზე.
იცით, რატომ წავიდა მოხუცი სახეგაბადრული? იმიტომ, რომ ქვეყნად არავინ
არ არის იმ მოხუცებულზე ბედნიერი, ვისაც პატარებისთვის რაღაცის ჩუქება მაინც შეუძლია.
ჯანი როდარი