კურდღლის ქონი
ერთხელ ერთი ბატონი ეტლით შორეული გზით მიდიოდა, არც
თვითონ იღებდა ხმას და არც მეეტლე, ორივენი ჩუმად იყვნენ. მოსწყინდა ბატონს უბრად ყოფნა.
ლაპარაკი მოუნდა. სწორედ ამ დროს კურდღელი გადმოხტა გზაზე. ბატონიც ადგა და კურდღელზე
ჩამოაგდო სიტყვა.
-ტყეში კურდღელი მყავს მომრავლებული, მაგრამ ისეთი პატარები
კი არ არიან, ახლა რომ გადმოხტა გზაზე. თითო, ერთი ცხვრის ხელაა. საზღვარგარეთიდან
წამოვიყვანე მოსაშენებლად. ერთხელ სანადიროდ წავედი, თან ათი კაცი გავიყოლე მდევრად.
მომირეკეს და მომირეკეს კურდღელი, მეც მივაყოლე და თოფს ბათქა-ბუთქი ავუყენე, რომ არ
შემრცხვეს ერთი ოცდაათამდე მოვკალი, ერთი მაინც იმოდენა იყო, ცხვარი გეგონებოდა ის
წყეული. გავატყავე და გინდა დაიჯერე, გინდა არა, ნახევარფუთზე მეტი თუ არა, ნაკლები
ქონი არ ექნებოდა.
მეეტლემ ყური უგდო, უგდო და მერე ცხენებს დაუძახა:
-ფრთხილად, ქურანებო, იმ ხიდს ვუახლოვდებით ცრუპენტელა
მგზავრის გავლაზე რომ ინგრევაო. ბატონმა გაიგო თუ არა მეეტლის ნათქვამი, ისევ გამოელაპარაკა:
-ხომ გაიგე, ივანე, თურმე ქვეყანაზე როგორი კურდღლები
არსებობენ. შეიძლება ნახევარი ფუთი არა, მაგრამ ასე ათი გირვანქა ქონი კი უეჭველად
ექნებოდაო.
-მაგას რა დიდი გაგება უნდა, ბატონო, კურდღელიაო! -
მიუგო მეეტლემ.
ცოტა გზა გაიარეს და ბატონი ისევ გამოელაპარაკა ივანეს:
-ივანე, მალე მივალთ იმ ხიდამდე, წეღან რომ ახსენეო?
-მალე ბატონო, მალე მივალთო!
-ჰოდა, იმას გეუბნებოდი, იმ კურდღელს ათი კი არა, დიდი-დიდი,
სამი-ოთხი გირვანქა ქონი თუ ექნებოდა, მეტი არაო.
-მე რა მენაღვლება, დეე, მაგდენი იყოსო, - უპასუხა მეეტლემ...
ცოტა გზა კიდევ გაიარეს. ბატონმა იცქმუტა, იცქმუტა და
ისევ ის ხიდი იკითხა.
-ივანე, იმ ხიდთან მალე მივალთო?
-მალე ბატონო, სულ მალე, აი, ხევში დავეშვებით და...
-ჰმ! - ჩაახველა ბატონმა, იცი რა გითხრა, ივანე, იმ
კურდღელს ქონი სულ არ ჰქონიაო.
-როგორ არ ვიცი, ბატონო, კურდღელი რა არის, იმისი ქონი
რა უნდა იყოსო.
ეტლი ხევში დაეშვა.
-ივანე, იმ ხიდამდე ვეღარ მივედითო? - ისევ იკითხა ბატონმა.
-ბატონო, ის ხიდი
იმ კურდღლის ქონივით დადნა, ახლა რომ ბრძანებდიო, - მიუგო მეეტლემ.
უკრაინული ზღაპარი
No comments:
Post a Comment