გულმოწყალე ქალბატონი
უკრაინული ზღაპარი
ცხოვრობდა ერთი ქალბატონი. ისეთი, ისეთი, რომ... თუმცა
თვითონ გაიგებთ, როგორიც იყო.
ერთხელ ამ ქალბატონს მიადგა ერთი ბერიკაცი და მოჰყვა
ხვეწნა-მუდარას:
-მოწყალე ქალბატონო, ღვთის გულისათვის, შენი სულის საცხონებლად,
გაიკითხე საწყალი მოხუციო.
ქალბატონმა იფიქრა:
-მოდი, მივცემ რამეს, თუნდაც, ამ ახლად დადებულ კვერცხს.
აბა, რა დასანანია. ეს ხომ ჩემი სულის საცხონებელი იქნებაო.
მართლაც, შეიპატიჟა შინ მოხუცი და მისცა კვერცხი.
-აჰა, კვერცხი, პაპილო, მიირთვი და ჩემთვის ილოცეო.
გამოართვა მოხუცმა კვერცხი და დალოცა:
-მადლობელი ვარ, ქალბატონო, ღმერთმა გადაგიხადოთ სამაგიერო
სიკეთეო.
მოხუცი წავიდა.
ეს კარგია, რომ არ დამენანა და კვერცხი მივეცი, მაგრამ
დამიმახსოვრებსო? - გაიფიქრა ქალბატონმა და მოხუცს გასძახა:
-პაპა, პაპა, მობრუნდიო!
მოხუცი მობრუნდა, ეგონა ქალბატონი კიდევ მაძლევს რამესო.
-პაპა, მე ხომ კვერცხი მოგეციო!
-მომეცი, ქალბატონო! მომეცი! ღმერთმა ჯანი და ბედნიერება
არ მოგაკლოთ შენცა და შენც შვილებსაცო!
-ჰო, კარგი, წადი! - ეუბნება ქალბატონი. გულში კი ფიქრობს:
ნეტავ თუ დაამახსოვრდება ჩემი გულკეთილობაო?
იფიქრა, იფიქრა ქალბატონმა და ისევ დაუძახა მოხუცს:
-პაპა, პაპა, დაბრუნდიო!
-ნეტავი რაღა უნდაო, - ფიქრობს უკან დაბრუნებული მოხუცი.
ქალბატონი ეკითხება:
-პაპა, მე ხომ კვერცხი მოგეციო!
-მომეცი, ქალბატონო! იდღეგრძელე, იხარე, ღმერთმა ისე
გამყოფოს, როგორც შენს გულს უნდაო!
„ჰოდა, ძალიან კარგი, დამლოცოს, ნუ დამივიწყებსო!“
ქალბატონი ხედავს, მოხუცმა ფეხს აუჩქარა და სადაც არის
ჭიშკარს გასცდება.
-დაავიწყდება, ღმერთმანი, დაავიწყდებაო, - დაფაცურდა
ქალი და, გიყვარდეს, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გაჰკივლა:
-პაპა, პაპა, დაბრუნდიო!
ისევ მობრუნდა ბერიკაცი და ფიქრობს, ღმერთო ჩემო, რა
არის, ამ ეზოდან აღარ მიშვებსო?!
ქალბატონი კვლავ ეკითხება:
-კვერცხი ხომ მოგეციო?
ახლა აევსო მოხუცს მოთმინების ფიალა:
-ჰო, ჰო, მომეცი! შეგარცხვინოს ღმერთმა, ერთი რაღაც
საცოდავი კვერცხი მაჩუქე და ისიც ყელში ამომადინე, აჰა, დაიჭი, აღარ მინდაო, - და ბერიკაცმა
ქალბატონს კვერცხი ესროლა.
რა უბედურებაა, ფიქრობს ქალბატონი, ამ ბერიკაცის მიზეზით
სულის ცხონებას, რომ ვეღარ ვეღირსები და ეს კვერცხი კვერცხად დავკარგეო.